599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

ანა ქილიფთარი – შტრიხები პორტრეტისათვის

თქვენი სახელი და გვარი

ანა ქილიფთარი

რომელ ასაკში აირჩიეთ პროფესია, თავიდანვე პედაგოგობა გსურდათ?

პროფესია 17-18 წლის ასაკში ავირჩიე, მინდოდა იურიდიულზე ჩამებარებინა, მაგრამ საბოლოოდ მასწავლებლობამ სძლია სურვილებს.

რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

სიმართლე გითხრათ ,იმ პერიოდში ბიცოლაჩემის რჩევით,  ჩამონათვალს დავუმატე განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტი და ასე ჩავირიცხე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგობა?

პედაგოგობა ჩემთვის ყველაზე მთავარი პასუხისმგებლობაა, სიყვარულია, სიამაყეა და მუდმივად სიახლეების ძიებაა.

რამდენია წელია ხართ მასწავლებელი?

ჩემი პირველი ნაბიჯები ,,გორდაში“ დაიწყო, 2018 წელს.

რა გაკავშირებთ გორდასთან?

გორდასთან მაკავშირებს ყველაზე მთავარი, ჩემი პედაგოგიური გზა, უამრავი სითბო, სიყვარული და ლამაზი დღეები. ქალბატონი ნინო მურვანიძის უშუალო და კეთილგანწყოობილი დამოკიდებულება. არაჩვეულებრივი კოლექტივი.

მინდა გითხრათ რომ ძალიან გამიმართლა, პირველი ნაბიჯები არაჩვეულებრივი პედაგოგის გვერდით დავიწყე და მისგან ვისწავლე უამრავი რამ.

სტუდენტური ცხოვრების რომელ ეპიზოდს გაიხსენებდით?

საკმაოდ რთული სტუდენტური პერიოდი მქონდა, თუმცა როგორც ხდება ,თითოეულ დღეს სასიამოვნოდ ვიხსენებ, განსაკუთრებით გამოვყოფდი პერიოდს ,როდესაც პრაქტიკებზე გაკვეთილების ჩატარება მიწევდა.

თქვენი პირველი გაკვეთილი…

პირველი გაკვეთილი, პირველ საჯარო სკოლაში მარიამ გოგუაძის კლასში ჩავატარე, მახსოვს რა კარგ რჩევებს მაძლევდა ,როგორ გულშემატკივრობდა. ისეთი დადებითი გარემო იყო, ვფიქრობ, მშვენივრად გავართვი თავი.

ყველაზე დიდი კურიოზი(მასწავლებლად მუშაობის მანძილზე) 

ვინაიდან დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან მაქვს ურთიერთობა, კურიოზებიც უხვად გვაქვს. უხვად გვქონდა ონლაინ სწავლების პერიოდში. „მასწავლებელო ,ხმა ჩაგივარდათ“ „მასწავლებელო ,ჩემს ეკრანზე გაშეშდით“ და ა.შ

თქვენი ჰობი

ბავშვობიდან მიყვარს ცეკვა, მაგრამ ჩემი შვილის გამო ,დღევანდელ ჰობად ფეხბურთი მექცა.

მეგობრობთ სამზარეულოსთან, თუ მზა კერძების ყიდვა გირჩევნიათ? სამზარეულოსთან

ვმეგობრობ, მიყვარს კერძების მომზადება და საკმაოდ გემრიელიც გამომდის(ყოველ შემთხვევაში, ასე აფასებენ)

გიყვართ ცხოველები/ფრინველები?

ძალიან მიყვარს ცხოველები, ფრინველებიც, სიამოვნებით ვიყოლიებდი თუთიყუშს.

თქვენთვის ყველა მოსწავლე ერთნაირად საყვარელია?

ბავშვობიდან ცუდად მახსოვს, მოსწავლეების განსხვავების ფაქტები, ეს მასწავლებლის შვილია, ის დირექტორის დის შვილია და ასე შემდეგ. ჩემთვის ყველა მოსწავლე ერთნაირად ძვირფასი და საყვარელია, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვისი შვილია.

ჩაუშლიათ თქვენთვის ოდესმე გაკვეთილი?

არასოდეს, მცდელობაც არ მახსენდება.

შატალოზე ყოფილხართ?

მერვე ან მეცხრე კლასში ვიქნებოდი, შატალოზე რომ წავედი კლასელებთან ერთად, კარგადაც დავისაჯეთ, მაგრამ შატალოს ხიბლსაც გავუგეთ გემო.

რას ვერ აპატიებთ მოსწავლეს?

ალბათ ყველაფერს, თუ გულწრფელად მოინანიებს.

მოკლედ გვიამბეთ: თქვენი გზა-სკოლის მერხიდან პედაგოგობამდე

2012 წელს დავასრულე ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა, ამავე წელს ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.2018 წელს დავიწყე მუშაობა სკოლა „გორდაში“ გახანგრძლივებული ჯგუფის პედაგოგად და გავხდი „გორდას“ დიდი ოჯახის წევრი. ამჟამად მყავს სადამრიგებლო კლასი, ჩემი თერთმეტი ვარსკვლავი, რომლებმაც მასწავლეს  უანგარო სიყვარულის ძალა და რომლებმაც უნდა იკაშკაშონ დაუსრულებლად.

პროფესიის შეცვლის შესაძლებლობა რომ მოგცემოდათ, კვლავ პედაგოგობაზე შეაჩერებდით თქვენს არჩევანს?

დღევანდელი გადასახედიდან ,ალბათ, ისევ  პედაგოგობას ავირჩევდი

ხშირად აღვნიშნავ კიდეც, ალბათ, ამისთვის ღირდა ჩემი სკოლასთან და მოსწავლეებთან სიახლოვე, რომ ამდენი სითბო და წრფელი გულის სიყვარული დავიმსახურე.

გიყვართ კითხვა? რა წაიკითხეთ ბოლოს?

კითხვა ძალიან მიყვარს, მუხედავად დროის დეფიციტისა, ამჟამად ვკითხულობ ლეილა სლიმანის „იავნანას“

რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევდით თქვენს მოსწავლეს?

ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ ასაკის შესაბამის საკითხავს, ბოლოს წავიკითხეთ ,,ექიმი აიბოლიტი“  ხშირად ვესაუბრები წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე და დიდი იმედი მაქვს შევაყვარებ კითხვას.

წიგნი თუ კომპიუტერი?

რა თქმა უნდა, წიგნი.

საჭიროა, თუ არა სასკოლო ფორმა?

ვფიქრობ, სკოლის ფორმა საჭიროა, მით უმეტეს დღეს, როდესაც თაობები ერთმანეთის ჩაცმულობისა და ,,ბრენდის“ მიხედვით აფასებენ. სასკოლო ფორმა არ განასხვავებს და აერთიანებს ყველა სოციალურ ფენას.

რას შეცვლიდით განათლების სისტემაში?(ზოგადად); გორდაში? (ვრცლად)

ჩემი ნება რომ იყოს, განათლების სისტემაში ბევრ რამეს „გადავალაგებდი“.

რაც შეეხება გორდას, აქ იმდენი სიახლეებითა და მხიარული აქტივობებით დატვირთული დღეები და გაკვეთილები გვაქვს, ალბათ, არაფერს შევცვლიდი.

რას ურჩევდით კოლეგებს?

კოლეგებს ვურჩევდი, ვიყოთ მეგობრულები, ერთგულები და სიამოვნებით ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

გორდა