Business Plan II - шаблон joomla Оригами

რატომ გორდა

**  რატომ უნდა ავირჩიოთ გორდა?!

­­­­­­­­­­­­­­­­­

ჩვენი სკოლა უკვე 14  წლისაა...უკან მოვიტოვეთ განვითარებისა და ქართულ საგანმანთლებლო სივრცეში დამკვიდრებისა და  სიახლეების  მუდმივი ძიების ურთულესი გზა....თოთხმეტწლიანი  გადასახედიდან პრიორიტეტად  მოსწავლეთათვის თანამედროვე  განათლების მიცემა დავისახეთ, საშუალებებად კი სხვადასხვა პოზიციები:

** 1. სწავლების ინოვაციური მეთოდები და ცოდნის მაღალი ხარისხი

სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შექმნილია სწავლება/ სწავლის ინოვაციური მეთოდების რესურსცენტრი, დაშვებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მენეჯერის საშტატო ერთეული, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი მეთოდიკებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების სისტემის შემდგომი სრულყოფისათვის. სკოლის ყველა მასწავლებელი ჩართულია სქემაში.

** 2. ტრადიციულისა და ახლის ჰარმონიზაცია

საქართველოსა და რეგიონის სკოლების გამოცდილი და წარმატებული მეთოდების დანერგვა , სწავლების ახალი მეთოდების მოძიება და გამოცდა, უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრირება სკოლის სასწავლო პროცესში.

** 3. მზარდი სასწავლო დაწესებულება-გარანტირებული დაფინანსებით

სკოლის თანამედროვე, ლამაზი ინტერიერი, მდიდარი ელექტრონული ბიბლიოთეკა, საბუნების­მეტყვე­ლო ლაბორატორია, კათედრები, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, ღია ვერანდები, კეთილ­მოწ­ყო­ბილი კვების ბლოკი, საცურაო აუზი, სპორტული კომპლექსი, საუკეთესო ტექნიკური აღჭურ­ვი­ლობა, სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერული ქსელი-ქმნის შესანიშნავ გარემოსა  და პირო­ბებს  თანამედროვე  განათლების მისაღებად.

** 4. თანამშრომელთა და მოსწავლეთა ფიზიკური და ინტელექტუალური დაცულობა

მოსწავლეთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი კონტროლის მიზნით, სკოლას გაფორმებული აქვს მემორანდუმი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება-  ,,სამედიცინო  ცენტრი-სალვე”-სთან, წელიწადში ერთხელ ტარდება მასწავლებელთა და მოსწავლეთა უფასო სამედიცინო შემოწმება, ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური სამსახური. სწავლისთვის შესაფერის გარემოსა და მოსწავლეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაცვის საგანგებო სამსახური და 15 ვიდეოთვალი.

** 5. აკადემიური განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით

ისტ დახმარებით სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში ცოდნის გაღრმავების მიზნით  სკოლის მოსწავლეები I-დან XII კლასის ჩათვლით ეუფლებიან ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას.   სკოლაში სისტემატურად მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება, ტექნიკის განახლება, მოსწავლეთა სემესტრული და კლასიდან კლასში გადასაყვანი კომპიუტერული  გამოცდები,რეიტინგული სადიაგნოსტიკო ტესტირებები, საკონტროლო კვეთები, სასწავლო პროგრამების, მასალებისა და სასწავლო კურსების მომზადება, ისტ-ის სასწავლო გეგმის რეალიზება ყველა ცალკეულ საგანში.

** 6. მოსწავლეთა მაღალი შედეგების მოლოდინი

ბათუმის საერო ელიტარული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საკუთარი ნიჭისა და მიდრეკილებების გამოვლენისა და განვითარებისათვის ფართო არჩევანს, მიზნის მისაღწევად თითოეული მათგანისგან მოითხოვს მაღალ პროფესიულ და ინტელექტუალურ დონეს, საზოგადოების სხვა წევრებთან, კრიტიკულ აზროვნებას, ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარს, გლობალური აზროვნების შესაძლებლობას; რათა სკოლის ყველა კურსდამთავრებულმა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ; თავად შექმნას ღირებული და საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში.

 

** 7. კემბრიჯის სერტიფიკატების მოპოვება

ინგლისური ენის სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საერო ელიტარული  სკოლა საქართველოში მოქმედ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით ახორციელებს მოსწავლეთა მომზადებას ინგლისური ენის ცოდნის განმსაზღვრელი კემბრიჯის სერტიფიკატების მოსაპოვებლად.

** 8. პუშკინის სკოლა

რუსული ენისა და ლიტერატურის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლის მიზნით სკოლაში პირველი კლასიდან  ისწავლება რუსული ენა; ფუნქციონირებს "პუშკინის სკოლა". სასკოლო  ღონისძიებებში, სპექტაკლებში, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებში მონაწილეობით „პუშკინის სკოლის“ მოსწავლეები აქტიურად ეცნობიან რუსეთის ისტორიას, ტრადიციებს, კულტურასა და ლიტერატურას.

** 9. Language Club “Lingua”

სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ევროპული ენების, კულტურისა და ისტორიის შესწავლა, ევროპული ცივილიზაციის მიღწევათა დაუფლება და გამოყენება ჩვენი ქვეყნის სამსახურში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება  Language Club “Lingua” . კლუბში გაწევრიანება შეუძლია სკოლის ყველა მოსწავლეს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და დაინტერესებულნი არიან გაიღრმავონ ცოდნა არა მხოლოდ ენის სრულყოფის მიზნით, არამედ ინგლისურენოვანი ქვეყნების ისტორიისა და კულტურის გასაცნობად.

** 10. ნორჩ პროგრამისტთა სკოლა

ორ ეტაპიან კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ყოველი წლის 1 აპრილიდან სკოლის V და VI კლასების მოსწავლეები ირიცხებიან პროგრამირების ჯგუფში; ჯგუფის წევრებისთვის მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ - ლოგიკასა და პროგრამირებაში. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლას.

** 11. სატელევიზიო სტუდია

სკოლაში ფუნქციონირებს საბავშვო სატელევიზიო სტუდია „Gorda news “. მოსწავლეთა მიერ მომზადებული გადაცემების ხილვა შესაძლებელია როგორც სკოლის პირდაპირ ეთერში, ასევე სკოლის ვებ-გვერდის საშუალებით. „Gorda news“ -ს აქვს შიდა სასკოლო მაუწყებლობა. საეთერო ბადე დატვირთულია, როგორც ორიგინალური (საავტორო), ასევე შემეცნებითი და სასწავლო სარეკლამო გათვალისწინებული გადაცემებით.

** 12. უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგთა და სპეციალისტთა გუნდი

სკოლაში მუშაობენ კონკურსის წესით შერჩეული უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლები, მათ შორის- 2 პროფესორი, 3 - მეცნიერებათა დოქტორი, 2 - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის მწვრთნელი, 2-ფონდი „განათლების ინსტიტუტის “წამყვანი მწვრთნელი; 19 სერტიფიცირებული მასწავლებელი, 1-საუკეთესო 25% მოხვედრილი მასწვლებელი-; 1-კომპიუტერისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გამოცდა ჩაბარებული-მასწავლებელი.

** 13. მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა მუდმივ მოტივირებულ ზრუნვას პედაგოგიური სრულყოფისათვის

მოსწავლეთა სასწავლო მოთხოვნილებებისა და საჭიროებების განსაზღვრისათვის ტარდება სასწავლო პროცესის მონიტორინგი. ხარისხის მართვის სამსახური შეისწავლის მონიტორინგის შედეგებს და დირექციას წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს. ხარისხის მართვის სამსახურის შეფასების შედეგებით ხდება მასწავლებელთა სახელფასო კატეგორიის დადგენა, რომელიც ცალსახად წარმოადგენს ხელფასის ოდენობის განსაზღვრისა და მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების საფუძველს.

** 14. მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების რეიტინგული სისტემა

სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების მიზნით სკოლაში მოქმედებს პედაგოგთა შეფასების რეიტინგული სისტემა. რეიტინგის განსაზღვრა ხდება შეფასების კრიტერიუმით, რის შემდეგაც მიღებული ქულების საფუძველზე პედაგოგებს მიენიჭებათ შესაბამისი სახელფასო კატეგორიები.

** 15. მოსწავლეთა შეფასების რეიტინგული სისტემა

მოსწავლეთა შეფასების რეიტინგული სისტემა ავტომატურ რეჟიმში,  გამოავლენს: კლასის საუკეთესო მოსწავლეს, სკოლის საუკეთესო ათეულს, საუკეთესო კლასებს მიმდინარე სასწავლო სემესტრისა და წლიური  მონაცემებით.სასწავლო წლის ბოლოს გამოვლენილ „წლის საუკეთესო მოსწავლეს “გადაეცემა სამახსოვრო მედალი და ფულადი ჯილდო. სემესტრული მონაცემებით წარჩინებულ მოსწავლეებს ენიშნებათ დამფუძნებლის სტიპენდია.

** 16. სტანდარტზევით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება; გახანგრძლივებული დღის რეჟიმის პირობებში მასწავლებლის დახმარებით გაკვეთილების მომზადების შესაძლებლობა

სკოლის ტრადიციებიდან და სწავლების თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემოღებულია სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი  და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, რომელიც ორიენტირებულია  მოსწავლეთა მთლიან კონტიგენტზე და ემსახურება მათ მომზადებას საზოგადოებაში პროდუქტიული ცხოვრებისათვის.

გამოსაშვები კლასების მოსწავლეთა საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უკეთ მომზადების მიზნით  ესგ გათვალისწინებულ საგნებში XII კლასში  გაზრდილია  საათების რაოდენობა  ყველა სასწავლო  დისციპლინაში.

აბიტურიენტთათვის  XII კლასში დაემატა „ზოგადი უნარების“ ფაკულტატური კურსი.

სკოლაში ასევე ფუნქციონირებს:

  • ხელოვნების კლუბი „ოქროს კალამი“
  • სამოქალაქო კლუბი“გორდა“
  • ჟურნალისტთა კლუბი
  • გამომგონებელთა კლუბი „ლეონარდო და ვინჩი“
  • ფოლკლორული და ხალხური საკრავების ანსამბლი”თოლია”
  • ეროვნული და თანამედროვე ცეკვების წრე
  • თიხა, ძერწვა, კერამიკა
  • გობელენი, ბატიკა
  • ფარიკაობა
  • ჭადრაკი
  • კინოკლუბი
  • ცურვა
  • მაგიდის ჩოგბურთი

მოსწავლეები დღის მეორე ნახევარში დამატებით მეცადინეობებზე იღრმავებენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას. პედაგოგების დახმარებით, ბავშვები დამოუკიდებელ მუშაობასაც ეჩვევიან და ასწრებენ საშინაო დავალების მომზადებას.

** 17. ელექტრონული ჟურნალი

საგაკვეთილო პროცესის უკეთ ორგანიზებისა და სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით, დავალებები, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, მოსწავლეთა შემოქმედებითი წარმატებები ყოველდღიურად ფიქსირდება სკოლის ვებ-გვერდის ელექტრონულ ჟურნალში.

** 18. დამრიგებლების ინსტიტუტი

სკოლაში კლასის დამრიგებლებად მუშაობენ ცალკეული საგნების მასწავლებლები,  რომელთაც ევალებათ განსაკუთრებული ზრუნვა თითოეულ მოსწავლეზე, მათი დახმარება აღმზრდელობით და სასწავლო პროცესში, დისციპლინისა და წესრიგის დაცვა.

** 19. მშობლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობები

სკოლა იყენებს სკოლის ვებ-გვერდის შესაძლებლობას-უშუალო კონტაქტი დაამყაროს მშობლებთან სპეციალურად მოქმედი ელექტრონული ჟურნალის საშუალებით.

სკოლაში შექმნილია მშობელთა სათათბირო, რომლის მიზანია სკოლასა და მშობელს შორის თანამშრომლობის განმტკიცება.

** 20. ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე აგებული დისციპლინა

დისციპლინის დაცვა სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; სკოლის შინაგანაწესის შესრულება ერთნაირად ევალება, როგორც მოზარდს, ასევე სკოლის ყველა თანამშრომელს. მოსწავლეებს მაგალითს უფროსები აძლევენ,  პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული ურთიერთობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ზნეობრივ აღზრდას.

** 21. კონსტრუქციული და პროფესიონალური ხელმძღვანელობა

საქმიან სამუშაო ატმოსფეროს, თავისუფლებისა და შემოქმედებითობის მაღალ ხარისხს, დასახული მიზნების განხორციელებას, სკოლის აღჭურვას თანამედროვე ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით, სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს სკოლის ხელმძღვანელობა, რომელიც თავისი ხედვით, გამოცდილებითა და პროფესინალიზმით სათავეში უდგას თითოეულ დიდ წამოწყებას.

** 22. მხიარული ატმოსფერო და სწავლის მაღალხარისხიანი პირობები

სკოლა მოსწავლეებს მაღალხარიასიან სასწავლო პროცესთან ერთად ჯანსაღ და გამახალისებელ ატმოსფეროსაც სთავაზობს; სკოლაში ჩატარებული "მხიარული სტარტები", სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები,  გასართობი გადაცემები, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მიერ მოწყობილი ინტელექტუალური შეჯიბრებები, ხალასი დამოკიდებულება პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის - ყველაფერი ეს  სკოლის მოსწავლეების ღიმილიან და ბედნიერებით გაბრწყინებულ თვალებში აისახება.

** 23. კეთილმოწყობილი კაბინეტ-ლაბორატორიები და სპორტული კომპლექსი

სკოლის მოსწავლეთა განკარგულებაშია საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კომპიუტერული კაბინეტები, სამუსიკო და ხელოვნების სტუდიები, თანამედროვე და ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სატელევიზიო სტუდია, არტსალონი, ჟურნალისტთა კლუბი, პროგრამირების ჯგუფი, სპორტული სექციები შესაბამისი ბაზებით (დიდი სპორტული დარბაზი, მარტივი ტიპის სპორტული მოედანი,ფრენბურთის მოედანი,  საცურაო აუზი).

** 24. მრავალფეროვანი და მიზნობრივი კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებები;

სკოლის უმთავრესი მიზანია ტოლერანტული, ჰუმანური და მრავალმხრივი ინტერესების მქონე მოზარდის აღზრდა. ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, როგორც სამეცნიერო, ასევე სპორტულ და შემოქმედებით ღონისძიებებს.

სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციები, გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრები,  სასწავლო და სპორტული ღონისძიებები, სხვა სკოლების თანატოლებთან გამართული შეხვედრები, ხშირი სტუმრობა მუზეუმებში, გამოფენებზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად   ჩატარებული ერთობლივი კონფერენციები, დასწრება  თეატრების სპექტაკლებზე - მოსწავლეთა სწორ ორიენტაციას,  ახალგაზრდა თაობის ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციას ემსახურება.

** 25. რეგულარული საზოგადოებრივი ღონისძიებები

მოხალისეობა, სხვების დახმარება, გაჭირვებულისთვის მზრუნველობის ხელის გაწოდება და კეთილი საქმის კეთება ადამიანის დიდი ბუნების მაჩვენებელია. პიროვნების ზნეობრივ აღზრადაზე მათ ადრეულ ასაკშივეა საჭირო ზრუნვა. ამ მიზნით საუკეთესო გაკვეთილი იყო მოზარდებისთვის ის ფაქტი, რომ სკოლის ყველა მოსწავლის მონაწილეობით სკოლა მეოთხე წელია ახორციელებს საქველმოქმედო აქციას „ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი, გავუთბოთ ერთმანეთს გულები“; დახმარებას უწევს თემში მცხოვრებ  სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ბავშვთა სახლებს.

** 26. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები

სკოლა ახორციელებს პარტნიორული პროგრამებს, სკოლა აქტიურად თანამშრომლობს და გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორც რეგიონულ და რესპუბლიკურ, ისე საზღვარგარეთის დონეზე.

გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ორი წელია აქტუირად თანამშრომლობს  ორდუს (თურქეთის რესპუბლიკა) სოციალურ მეცნიერებათა სკოლასთან, ქ. სარატოვის საბუნებისმეტყველო დისციპლინების ლიცეუმთან, ლატვიის კერძო სკოლების ასოციაციასთან.

გაეროს მოდელირების ფარგლებში სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის “გორდა“-ს წევრები საგანმანათლებლო ტურნეს(საფრანგეთი-გერმანია) ფარგლებში ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში (სტრასბურგი) მუშა ვიზიტით სტუმრობდნენ.

 სკოლასთან, როგორც ექსკლუზიურ საგანმანათლებლო პარტნიორთან აჭარის რეგიონში, გაფორმებულია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებში ევროპული ინსტიტუტებისა და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოსწავლეთა არაფორმალური განათლების მიღებას.

** 27. მდიდარი  სასკოლო ბიბლიოთეკა...

სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეადგენს 4187 ერთეულს, აქედან 1323 სასწავლო სახელმძღვანელო,   თანამედროვე სამეცნიერო(911)  და  მხატვრული ლიტერატურა(1953) .  სკოლის ფილმოთეკა შეიცავს 5 სასწავლო კასეტას ინგლისურ ენაზე; DVD-15 ცალი; CD-17 ცალი; ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის საერთო ღირებულება შეადგენს 11 877 ლარს;  მარტო 2015-2016 სასწავლო წელს შეძენილია 630 ერთეული სხვადასხვა სახის ლიტერატურა; მათ შორის: სასწავლო-220; სამეცნიერო-10; მხატვრული-400; CD-17 ცალი(საერთო ღირებულებით-2125-ორი ათას ასოცდახუთი ლარი) სასწავლო გეგმის შესაბამის პერიოდიკაზე გაფორმებულია ხელშეკრულება შპს „ბათუმი-ექსპრესსთან“. არსებობს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული უახლესი საძიებო კატალოგი, როგორც ქაღალდის, ასევე, ელექტრონული ფორმით(OpenBiblio), ინვენტარის წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი, მკითხველის ბარათი. ბიბლიოთეკა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობს 10-დან 16.00 საათამდე. ხოლო შაბათს 10-დან 14.00 საათამდე. ბიბლიოთეკაში არის 2 კომპიუტერი, რომელიც ჩართულია ინტერნეტში.

 

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები