Business Plan II - шаблон joomla Оригами

კურსდამთავრებულები

მიმართვა შპს “გორდას” ბათუმის საერო ელიტარული სკოლის კურსდამთავრებულებს!

ძვირფასო მეგობრებო!

ალბათ, არასდროს დაგავიწყდებათ სკოლაში გატარებული წლები.

თქვენთან ერთად დავიწყეთ სკოლის შექმნა. დღევანდელი დღის და  ერთად მიღწეული წარმატებების გადასახედიდან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლა შედგა და წარმატებული სკოლების ნიშაში საკუთარი, გამორჩეული ხელწერა დაიმკვიდრა.

ერთად გავიარეთ სკოლის აღმშენებლობის 15 წლიანი გზა, დავძლიეთ ჭირიც და ლხინიც, სიხარულიც და მწუხარებაც.

ჩვენთან დაფრთიანებულები დაადექით ცხოვრების ფართო შარაგზას-ღირსეულ მამულიშვილებად ჩამოყალიბებულნი, ინტელიგენტი ქართველები, ერის იმედი და საყრდენი.

აქ, ამ სკოლის კედლებში მიუახლოვდით ჭეშმარიტებას, იქეცით სრულყოფილ მოქალაქეებად. გვჯერა, რომ სულის არცერთი მოძრაობა არ რჩება უპასუხოდ, პასუხი-ადრე თუ გვიან, მოდის... სწორედ ყოველივე ამან გვაფიქრებინა სკოლაში კურსდამთავრებულთა კლუბის ჩამოყალიბება, ჩვენთან ხომ თქვენი და-ძმები სწავლობენ(ერთი ოჯახიდან სამი, ან ორი მაინც ), ალბათ, ჩვენი გამორჩეული ხელწერაც ამითაა განპირობებული... 

მოსაგონართან ერთად, ბევრი კარგი წამოწყების განხორციელება შეგვიძლია თქვენი და თქვენი ოჯახების თანადგომით...ჩვენ ვერც საშინაო დავალებას მოგცემთ, ვერც მზა რეცეპტს გამოგიწერთ  სამოქმედოდ... მოდით, ერთად დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ გავხადოთ უკეთესი ჩვენი სკოლა.

გვახარებს თითოეული თქვენგანის წარმატება...ყველაზე მეტად კი-ყოფილი შეგირდების სკოლაში ოსტატებად დაბრუნება(ბესო ქვაციხელი, ხატია ჩხარტიშვილი; თორნიკე დუმბაძე)...

ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან, ვიღვაწებთ თქვენი წარმატებების წარმოსაჩენად... ბევრი სასიკეთო საქმის წამოწყება შეიძლება თქვენთან ერთად, თუნდაც:

* შეხვედრები სკოლისა და საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებზე;

*  ახალი სკოლის მშენებლობა;

* კონფერენციებისა და პრეზენტაციების ჩატარება;

* ნიჭიერ ბავშვთა სტიპენდირება;

* ზამთრისა და ზაფხულის ბანაკების ორგანიზება;

* საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კვლევების წარმოება;

* რეკომენდაციების მომზადება და სკოლის განვითარების პროექტების შემუშავება.

ერთობლივი ძალისხმევით  ჩვენ ხელგვეწიფება გადავაქციოთ ჩვენი სკოლა საუკეთესო სკოლად.

დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და შეკითხვები.

მოგონებები სკოლის ცხოვრებიდან და სამომავლო წინადადებები გთხოვთ მოგვაწოდოთ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით (კონტაქტი).

ღრმა პატივისცემითა და თანამშრომლობის სურვილით,

შპს “გორდას” ბათუმის საერო ელიტარული სკოლის დირექტორი,

 

ნინო მურვანიძე

 

 

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები