Business Plan II - шаблон joomla Оригами

მიმართვა მოსწავლეებს

ჩემო პატარა მეგობრებო!

სწრაფად გაირბინა  სასწავლო წელმა... ძიების, ანალიზის, განსჯისა და ფიქრის ერთმა წელმა... ჩვეულებრივ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ჩვენ კი ვარდობისთვის ბოლოს დავითვლით მონაგარს ... მეამაყება თქვენთან გატარებული თითოეული საათი... პაექრობით, დაზავებითა და არგუმენტებით გაჯერებული მოსაზრებები ... როგორ კარგად მსჯელობთ, როგორ აზროვნებთ, როგორ გიყვართ თქვენი ქვეყანა, თქვენი ენა... როგორ შეგიძლიათ ერთ პატარა სიტყვაზე მთელი ამბის აგება, ზღაპრების შექმნა, იგავების გამოგონება, როგორ გტკივათ და გახარებთ თქვენი თანატოლების ტკივილი და სიხარული... როგორ ამჯობინებთ კომპიუტერს - წიგნს ... როგორ გტკივათ საქართველოს მოჭრილი ძუძუ - აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორ ეძიებთ “ძე შეცდომილისა” და “უძღები შვილის” გულში ჩახუტებისა და შემორიგების გზებს ...

გისმენთ, ვასწორებ თქვენს ნაშრომებს და მიკვირს, ნუთუ, ეს 16-18  წლის გოგო-ბიჭების ნააზრევია,  როგორ დაუბრძენებიხართ ცხოვრებას, როგორ განიცდით ქვეყნის სატკივარს, როგორ გიყვართ მზე და წვიმა, წვიმა და მზე, ასე თანამდევი ბათუმისთვის-სიყვარულის, წვიმისა და სევდის ქალაქისთვის ...

რა ლამაზ ლექსებს წერთ, როგორი სახელმწიფოებრივი აზროვნება გაგაჩნიათ. ხვალ უფრო დაბრძენებულები იქნებით, ხვალ უფრო მეტს შექმნით, ხვალ უფრო მეტს იტყვით ... გიყვარდეთ წიგნი, გიყვარდეთ და იამაყეთ თქვენი სამშობლოთი და განუმეორებელი ქართული ენით ...

თქვენ მე სიცოცხლე გამიხანგრძლივეთ, ცხოვრების ხალისი დამიბრუნეთ ... გმადლობთ, ყველაფრისთვის ...

მიყვარხართ, მეამაყებით, გეფერებით ...

წარმატებების სურვილით,

 

თქვენი ნინო მურვანიძე

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები