599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

ლალი გოგიჩაიშვილი – შტრიხები პორტრეტისათვის

ბავშვობიდან გინდოდათ მასწავლებლობა?

ბავშვობაში, როგორც ყველა, ხშირად ვთამაშობდი მასწავლებლობანას, თუმცა, როცა წამოვიზარდე, ჟურნალისტიკაზე შევაჩერე არჩევანი.

თუ „არა“ -როდის გადაწყვიტეთ?

არ ვიცი, თავისთავად მოხდა.  ჟურნალისტიკის  ფაკულტეტი  ერთადერთი იყო  მთელ საქართველოში, ჯავახიშვილში . შესაბამისად, საკმაოდ რთული იყო მოწყობა: ოქროს მედალი უნდა  გქონოდა, ან სამი წლის მუშაობის სტაჟი. სამწუხაროდ, ერთი 4 გამომყვა, 3 წელი ვეღარ ვიცადე და ფილოლოგიურზე ჩავაბარე.  ინსტიტუტის დასრულების შემდეგ გამანაწილეს ჩაქვის სკოლაში და ასე  დაიწყო ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა.

სკოლაში რომელი საგანი გიყვარდათ ყველაზე მეტად (იმის გარდა , რომელსაც ასწავლით)

მათემატიკა,  ოღონდ ყველას უკვირს, როცა ამას ვამბობ.

მასწავლებელი რომ არ ყოფილიყავით, რას ფიქრობთ, ვინ იქნებოდით?

ლიტერატორი,  ვიმუშავებდი რომელიმე კვლევით ინსტიტუტში.

შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რომელ ეპოქაში იმოგზაურებდით? რატომ?

შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემს ბედნიერ წარსულში ვიმოგზაურებდი , სკოლის წლებს ავარჩევდი.  თუ მაინცდამაინც ეპოქა უნდა დავასახელო, პირველ საუკუნეში ვიმოგზაურებდი იმ იმედით, რომ ცოცხალ (ვგულისხმობ ხორციელს) ღმერთს ვიხილავდი.

გაქვთ გამორჩეული მხატვრული ნაწარმოები? კინოფილმი?

ძალიან მიყვარს რუსთაველი, ვაჟა, დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი.“. რაც შეეხება კინოფილმს, ბევრი მომწონს. ახლა რატომღაც მაგონდება „ქვიშიანი კარიერის გენერლები.“  სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ვნახე. ახლაც მახსოვს ის ემოციები. მელოდიაც ავაწყვე ფილმიდან და ვმღეროდი რუსულ ვარიანტს.

გიყვართ მოგზაურობა?, რატომ? ( ექსტრემია, დასვენებაა, ახალ ადგილებს ეცნობი)

მგზავრობა არ მიყვარს, მაგრამ ძალიან მინდა ვნახო იერუსალიმი და ეგვიპტის პირამიდები.

გიფიქრიათ, რომ ამა თუ იმ სახელმძღვანელოს სხვაგვარად დაწერდით?(რამდენადაც ვიცით, უკვე გამზადებული გაქვთ კიდეც გრამატიკის სახელმძღვანელო, აბიტურიენტთათვის დამხმარე მასალები(თეზისები) და სხვ.) იქნებ, გვიამბოთ?

სახელმძღვანელოს  სხვაგვარად დაწერაზე არ მიფიქრია, თუმცა ვთვლი, რომ ლიტერატურა და ენა ცალკე საგნებად უნდა ისწავლებოდეს. მასწავლებლის მიერ  გამოყოფილი საათები (კვირაში ერთი ან ორი დღე)  არ ყოფნის გრამატიკის საფუძვლიანად დასწავლას.

ჩემ მიერ შედგენილი გრამატიკის სახელმძღვანელო ცოტა ხმამაღლა ნათქვამია. უბრალოდ, დისტანციური სწავლების დროს გავაკეთე მართლწერის ძირითადი საკითხების ელექტრონული ვერსია შესაბამისი მაგალითებით. ეს არის და ეს. ახალი ამ სფეროში არაფერი მითქვამს.

რაც შეეხება თეზისებს, ვფიქრობ, მართლაც გამოადგებათ აბიტურიენტებს. მოიცავს ეროვნული გამოცდის პროგრამით გათვალისწინებულ  მთლიან მასალას. გამოკვეთილია ძირითადი საკითხები თითოეულ ნაწარმოებში თავების მიხედვით. მუშაობისას აქტიურად ვიყენებ ხსენებულ თეზისებს. გაცდენის შემთხვევაში ვუგზავნი მოსწავლეს, რომ იცოდეს, რას მიაქციოს ყურადღება მიცემულ მონაკვეთში.

თქვენი აზრით, მარტო ნიჭი, ან მარტო შრომა საკმარისია წარმატების მისაღწევად?

მახსენდება გურამიშვილის ნათქვამი : „ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომოდეს.“  ნიჭის გამოყენებას დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება.

თქვენ, ქვეყნის მასშტაბით პედაგოგთა იმ კატეგორიას განეკუთვნებით, უმაღლესი ქულა რომ მიიღეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე და ეს მაშინ, როდესაც სკოლაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება არ გაგაჩნდათ(გარდა კერძო რეპეტიტორობისა)…

კულუარებში იმასაც ამბობენ, დირექტორმა ლალი თავის მეგობართან ნახა პირველად და კარგ სადედამთილოსავით, იქვე დაადგა თვალი და ისე ჰყავს მიკერძოებული, გასაქანს არ აძლევსო…სხვები კიდევ, ნინო მურვანიძის „ლუბიმიცას“ გეძახიან, ამას, არც დირექტორი მალავს. ორიოდე სიტყვით, გვითხარით, როგორ მოახერხეთ ყოველივე ეს?

პედაგოგიურ საქმიანობაში მართლაც მქონდა მრავალწლიანი წყვეტა. ფაქტობრივად, სასერტიფიკაციო გამოცდებზე გავედი ძალიან მცირე პრაქტიკული გამოცდილებით. თუმცა, სწავლებასთან კავშირი არ გამიწყვეტია.  აბიტურიენტებს ვამზადებდი ეროვნული გამოცდებისთვის. ამას კერძო რეპეტიტორობაც არ ერქვა. სრულიად უანგაროდ ვეხმარებოდი ახლობლებს.

კარგად მახსოვს ის დღე, როცა ქალბატონი ნინო გავიცანი. სასერტიფიკაციო გამოცდების წინ  რჩევების მისაღებად ყველასთვის საყვარელ და არაჩვეულებრივ პედაგოგ ნინო სურმანიძესთან ვიყავი მისული.  ქალბატონი ნინოც ამ დროს იქ იყო. გამიმართლა, ორ დიდ პედაგოგთან რამდენიმესაათიანი ურთიერთობა და საუბარი მნიშვნელოვნად დამეხმარა მიზნის მიღწევაში.  ისიც გავიგე, თურმე მგულშემატკივრობდა მისთვის სრულიად უცხო ადამიანს. იმ წელსვე გავხდი „გორდას“  პედაგოგი. მას შემდეგ 10 წელი გავიდა.

რაც შეეხება  „ლუბიმიცობას“, ყოველთვის ვგრძნობ ქალბატონი ნინოსგან სიყვარულსა და თანადგომას.  არ დამავიწყდება ის დღე, როცა გარე დაკვირვების გაკვეთილს ვატარებდი. მიუხედავად  დიდი  ტკივილისა (იმ დღეს მისი მეუღლის ორმოცი იყო), ლამის ცხრაჯერ დამირეკა, მამხნევებდა, იქით მამშვიდებდა, ამბავს კითხულობდა.

თუ უწყენინებია მოსწავლეს ისე, რომ სახლში გაგყოლიათ წყენა? (ცოდვა გამხელილი ჯობია, მოსწავლეებს, თურმე, იმდენად უყვარხართ, შესვენების დროსაც მოთმინებით იტანენ როლებში შესულ ლალი გოგიჩაიშვილს…იციან, რომ თუ არა ასეთი ლალი, ტრადიციულ მაღალ ქულებს ვერ მიიღებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე).

ყოფილა, რომ  გამყოლია, მაგრამ წყენა და არა ბრაზი, ან აგრესია.  როცა გიყვარს, გწყინს კიდეც.

ბუნებრივია, ყველა მოსწავლის მიმართ, შინაგანად ვერ გექნებათ ერთნაირი დამოკიდებულება. როგორ ახერხებთ „გააკონტროლოთ“ ეს „შეგრძნება“ ?

არ ვიცი, როგორ, მაგრამ, მგონი, ვახერხებ.

რა მიგაჩნიათ ადამიანის ყველაზე უარყოფით თვისებად?

ტყუილი და ქედმაღლობა.

ყველაზე დადებითად?

თავმდაბლობა, გულწრფელობა

რას ვერ აპატიებდით ადამიანს?

ვცდილობ, ვიყო მიმტევებელი.

დაბოლოს, რას უსურვებდით მომავალ თაობას?

პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დალაგებულ მსოფლიოსა და ღირსეულ საზოგადოებაში  ცხოვრებას.

გორდა