ნინო ღიბრაძე – შტრიხები პორტრეტისათვის

თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა  გორდაში დირექტორობით დაიწყო(როგორი იყო თქვენი, როგორც სკოლის დირექტორის პირველი ნაბიჯები); თქვენ და გორდა განუყოფელი ხართ, რა შეიცვლა გორდაში???

ძალიან მიყვარს გორდა, იგი ჩემი მეორე ოჯახია და ჩემთვის, როგორც მისი ყოფილი დირექტორისთვის ერთგვარი გამოწვევა და საჯილდაო ქვა…მე იმ პერიოდში მომიწია სკოლია ხელმძღვანელობა, როცა  კერძო სკოლები ქვეყნის სინამდვილეში თითზე ჩამოსათვლელი იყო და თუკი გინდოდა ბაზარზე საჯარო, ან კერძო სკოლის სერიოზული კონკურენტი ყოფილიყავი, ნიშაც და  ხელწერაც გამორჩეული უნდა გქონოდა.  ჩემთვის მთავარი იყო,  რომ სკოლა, რომელიც ქალბატონმა ნინომ და ბატონმა თენგიზმა მანდეს და ჩამაბარეს, როგორც დირექტორს, ყოფილიყო წარმატებული და გამორჩეული, ვეცადე კიდეც, ამისთვის ყველაფერი გამეკეთებინა გორდას გამორჩეულ და ერთ მუშტად შეკრულ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. მეამაყება,    ამ დიდი ოჯახის წევრობა. გორდა-ხომ მართლაც გამორჩეული, კრეატიული და თავისუფალი სკოლაა, რომელსაც, სამომავლოდ, კიდევ უფრო საინტერესოს გავხდით.

ბავშვობიდან გინდოდათ მასწავლებლობა?

იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი ჟურნალისტი, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც მასწავლებლობაზე შევაჩერე.

თუ „არა“ – როდის გადაწყვიტეთ?

_

სკოლაში რომელი საგანი გიყვარდათ ყველაზე მეტად (იმის გარდა, რომელსაც ასწავლით)

ყოველთვის მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები.

მასწავლებელი რომ არ ყოფილიყავით, რას ფიქრობთ, ვინ იქნებოდით?

ჟურნალისტი.

შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რომელ ეპოქაში იმოგზაურებდით? რატომ?

ილიას საქართველოში ვიმოგზაურებდი და სიამოვნებით დავაკვირდებოდი იმ მიზანდასახულ აქტივობებს, მოქმედებებსა და საზოგადოებრივ საქმიანობას, რომლებიც მიმართული იყო ერის უკეთესი მომავლისკენ.

გაქვთ გამორჩეული მხატვრული ნაწარმოები? კინოფილმი?

ვერ გამოვარჩევ კონკრეტულად რომელიმე ერთს ან ორს, რადგან არსებობს უამრავი საინტერესო ნაწარმოები თუ კინოფილმი და ბევრ მათგანთან განსაკუთრებული ემოცია და ფიქრი მაკავშირებს.

გიყვართ მოგზაურობა?, რატომ? (ექსტრემია, დასვენებაა, ახალ ადგილებს ეცნობი)

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბევრისთვის, პირადად მე არ ვარ მოგზაურობის მოყვარული ადამიანი, თუმცა, სიამოვნებით  გავატარებდი დროს მშვიდ გარემოში, ბუნებაში.

გიფიქრიათ, რომ ამა თუ იმ სახელმძღვანელოს სხვაგვარად დაწერდით?

კი, ნამდვილად მიფიქრია ამაზე და პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, მაქვს ჩემი ხედვა.

თურმე, თქვენ და სკოლის დირექტორი(ქალბატონი ნინო), ლამის 2 წლის ასაკიდან ერთად მოდიხართ, ამან გარკვეული პრივილეგიები ხომ არ შეგიქმნათ? რთულია დირექტორ/მეგობართან ერთად მუშაობა? (გადმოცემით ვიცით, რომ ერთად მრავალი კურიოზი გადაგხდენიათ თავს და, თურმე, ქალბატონი ნინო ასეთი მკაცრიც სულაც არ ყოფილა, როგორც გარედან ჩანს, რაიმეს ხომ არ გაიხსენებდით???)

ნინო ისეთი პრინციპულია სამსახურთან მიმართებაში, რომ ვფიქრობ სკოლაში არ იგრძნობა ჩვენი ბავშვობის მეგობრობა, ან ის, რომ გარკვეული პრივილეგიებით ვსარგებლობდე. ის ჩემს მიმართ ისეთივე მომთხოვნია, როგორიც ნებისმიერი სხვა პედაგოგის მიმართ. სკოლაში ჩემი დირექტორია, სკოლის გარეთ საუკეთესო მეგობარი(ჩვენ ერთად მოვდივართ ორი წლის ასაკიდან: თანაბაღელი, თანაკლასელი, თანაკურსელი) და მე ამ თვისებას ძალიან ვაფასებ მასში. რაც შეეხება კურიოზს, ასეთი გასახსენებლად ბევრია, მაგრამ მაინც გამოვარჩევდი იმ ფაქტს, რომ მეგობრებს ძალიან გვიჭირდა ნინოსთან ერთად ისეთ ადგილებში სიარული, სადაც თავი სერიოზულად უნდა დაგვეჭირა, რადგან ნინო გაიხუმრებდა და ჩვენ ყველას აგვიტყდებოდა უადგილო სიცილი, თავად კი თავი ბოლომდე ამაყად და დინჯად ეჭირა. 

თქვენი აზრით, მარტო ნიჭი, ან მარტო შრომა საკმარისია    წარმატების მისაღწევად?

ნიჭი უფლის საჩუქარია, მაგრამ ვთვლი, რომ წარმატება  დიდი შრომის შედეგად მოდის.

თუ უწყენინებია მოსწავლეს ისე, რომ სახლში გაგყოლიათ წყენა?

არასოდეს.

ბუნებრივია, ყველა მოსწავლის მიმართ, შინაგანად ვერ გექნებათ ერთნაირი დამოკიდებულება. როგორ ახერხებთ „გააკონტროლოთ“ ეს „შეგრძნება“ ?

ვთვლი, რომ თვისება იყო ყველასთან ერთნაირი და ამავდროულად ყველას მიმართ ყურადღებიანი, პედაგოგის ერთგვარი უნარია, მაგრამ ვადასტურებ, რომ არც ეს მიიღწევა მათდამი სიყვარულის გარეშე.

რა მიგაჩნიათ ადამიანის ყველაზე უარყოფით თვისებად?

ტყუილი.

ყველაზე დადებითად?

ერთგულება და ზრდილობა.

რას ვერ აპატიებდით ადამიანს?

ღალატს.

რა პროფესიის არიან თქვენი  შვილი (ები)

ჩემი ორივე შვილი უცხოური ენის სპეციალისტია, ერთ-ერთს კი მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

და ბოლოს, რას უსურვებდით მომავალ თაობას?

უპირველეს ყოვლისა, ვუსურვებდი მშვიდობიანი ცის ქვეშ ეცხოვროთ.  კარგი განათლების მიღებას და არჩევანის თავისუფლების ქონას ცხოვრებაში. ვუსურვებდი იმის  დანახვას და დაფასებას, რაც აქვთ და ბედნიერებას ანიჭებს მათ და, რაც მთავარია, ყველაფერი სიყვარულით ეკეთებინოთ ცხოვრებაში, რადგან მხოლოდ მაშინ არის ადამიანი თავისუფალი. 

Array ( )

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *