ხათუნა ვასაძე – შტრიხები პორტრეტისათვის

თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა  თითქმის გორდას ასაკისაა(მომავალში 20 უსრულდება გორდას); თქვენ და გორდა ერთად მოდიხართ, როგორც იტყვიან, დამფუძნებლებთან ერთად აშენებდით გორდას, ბავშვობიდან გინდოდათ მასწავლებლობა?

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 18 წელზე მეტი გავიდა, რაც  ჩემი საყვარელი გორდას გუნდს შემოვუერთდი, დღევანდელ დღესავით მახსოვს  ქალბატონი ნინოს სიტყვები:

„ხათუ, იცი რა კარგი შვილი მყავს ?(სკოლას გულისხმობდა J) წამოდი ჩემს სკოლაში, ინგლისურის მასწავლებელი გვესაჭიროებაო. „ეჭვიც არ შემპარვია, რომ კარგი სკოლა იქნებოდა. ასე რომ, სიამოვნებით დავთანხმდი და შევითავსე მეორე სამსახური (პარალელურად ინგლისურ ენას ვასწავლიდი ბათუმის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში). გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ გაცილებით მერთულა სკოლაში ბავშვებთან მუშაობა,სტუდენტებთან შედარებით, მაგრამ ბოლოს მაინც სკოლამ გადმოწონა J.  სკოლის ასაკში არ მქონდა გადაწყვეტილი, რომ აუცილებლად მასწავლებელი უნდა გავმხდარიყავი, თუმცა, ის სულ მინდოდა, რომ რაღაც კუთხით მაინც ჩემი პროფესია აუცილებლად ბავშვებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

თუ „არა“, როდის გადაწყვიტეთ?

სკოლა როცა დავამთავრე, უკვე ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა. მინდოდა გავმხდარიყავი უცხო ენის მასწავლებელი, ოღონდ, ვორჭოფობდი, რუსულის, თუ ინგლისურის. სკოლაში მყავდა ძალიან კარგი რუსულის მასწავლებელი, რომელიც მთხოვდა, რომ რუსული ენა ჩამებარებინა( გამოგიტყდებით , რომ სკოლაში რუსული ენა უფრო მიყვარდა J მასწავლებელი მეუბნებოდა ხოლმე,  რამდენი 5 -იანი ჩაგიწერო ჟურნალში, ადგილი აღარ მაქვსო J)

სკოლაში რომელი საგანი გიყვარდათ ყველაზე მეტად ( იმის გარდა , რომელსაც ასწავლით)?

ზოგადად, ძალიან პასუხისმგებლიანი ვიყავი და ყველა საგანს ვსწავლობდი, ზოგს სიამოვნებით და ინტერესით, ზოგს მასწავლებლის პატივისცემის გამო, მაგრამ კარგი სპორტული მონაცემები მქონდა ( აჭარის ხელბურთელთა კლუბის მეკარე ვიყავი J)  ვგიჟდებოდი ჩემი სპორტის მასწავლებელზე-ნინო ბაგრატიაზე და, რა თქმა უნდა, მის გაკვეთილებზე, არ მომეპოვება ბავშვი, ვისაც ფიზკულტურის გაკვეთილი არ უყვარს J

მასწავლებელი რომ არ ყოფილიყავით, რას ფიქრობთ, ვინ იქნებოდით?

ალბათ, პედიატრი , იქედან გამომდინარე, რომ მიყვარს ბავშვები და ეს საქმეც ხომ პირდაპირ კავშირშია მათთან.

შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რომელ ეპოქაში იმოგზაურებდით? რატომ?

სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ძველ ინგლისში, ვნახავდი, როგორ დგამდა შექსპირი პიესებს.

გაქვთ გამორჩეული მხატვრული ნაწარმოები? კინოფილმი?

კლასიკას უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე თანამედროვე ლიტერატურას , ძალიან მიყვარს დრაიზერი და დოსტოევსკი. მათი ყველა ნაწარმოები მიყვარს .

გიყვართ მოგზაურობა?, რატომ? ( ექსტრემია, დასვენებაა, ახალ ადგილებს ეცნობი)

კი, მოგზაურობა ძალიან მიყვარს ,მიყვარს, რა თქმა უნდა, ახალი ადგილების დათვალიერება, თუმცა, ერთი და იგივე ადგილასაც სიამოვნებით ვბრუნდები, მახსენდება ჩვენი სკოლის მოგზაურობები კაბადოკიაში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვიყავი , ყოველ ჩასვლაზე ახალ ღირშესანიშნაობებს აღმოვაჩენდით ხოლმე,  ან ახალი თავგადასავლები გვქონდა ჩვენს უშესანიშნავეს ბავშვებთან ერთად. სიამოვნებისგან ახლაც ჟრუანტელი მივლის, როცა ამ მოგზაურობებს ვიხსენებ.

გიფიქრიათ, რომ ამა თუ იმ სახელმძღვანელოს სხვაგვარად დაწერდით?

ალბათ, მე რომ ავტორი ვყოფილიყავი, სახელმძღვანელოში უფრო საინტერესო ტექსტებს შევიტანდი, გავითვალისწინებდი მათ ასაკს, დავტვირთავდი უფრო სახალისო აქტივობებით.

თქვენ, ქვეყნის მასშტაბით პედაგოგთა იმ კატეგორიას განეკუთვნებით, უმაღლესი ქულა რომ მიიღეს პირველსავე წელს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე და მასწავლებელთა  25% -ში მოხვდით, კომპიტერული ტექნოლოგიების გამოცდა რომ წარმატებულად ჩააბარა და დანამატიც საკმაოდ სოლიდური დაგიმტკიცათ სახელმწიფომ…ორიოდე სიტყვით, გვითხარით, როგორ მოახერხეთ.

როცა პირველად გამოცხადდა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდები უნდა ჩაგვებარებინა , გულწრფელად გითხრათ, ვიფიქრე, პირველივე წელს არ გავალ, შევხედავ, როგორი ტესტები იქნება, პროფესიულ უნარებში მოვემზადები და შემდეგ წელს ვცდი-მეთქი , მაგრამ, ვინ მკითხა მე J ქალბატონმა ნინომ გამოგვიცხადა , რომ ყველა უნდა გავსულიყავით გამოცდებზე და რომ ის დარწმუნებული იყო, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებდით. მერწმუნეთ, უკეთესად ვერავინ შემაგულიანებდა, როგორც ეს ქალბატონმა ნინომ გააკეთა . უფრო მეტიც , დილის 6 საათზე დაგვინიშნა ტრენინგები მის კაბინეტშიJ, გვამეცადინებდა პროფესიულ უნარებში , გვახსენებდა უნივერსიტეტში ნასწავლ პედაგოგიკას და ფსიქოლოგიას, განმანათლებლებს, თუ მეთოდისტებს. და მართლაც, მისი შრომა წყალში არ ჩაყრილა და ჩავაბარე პირველსავე წელს, რისთვისაც დღესაც მისი  გულით მადლობელი ვარ.

10. თქვენი აზრით, მარტო ნიჭი, ან მარტო შრომა საკმარისია    წარმატების მისაღწევად?

ერთი რამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ბავშვი , ძნელია შრომის გარეშე ბევრს მიაღწიოს .

თუ უწყენინებია მოსწავლეს ისე, რომ სახლში გაგყოლიათ წყენა?

არა, ასეთ ფაქტს ნამდვილად ვერ ვიხსენებ.

ბუნებრივია, ყველა მოსწავლის მიმართ, შინაგანად ვერ გექნებათ ერთნაირი დამოკიდებულება. როგორ ახერხებთ „გააკონტროლოთ“ ეს „შეგრძნება“ ?

ყველა მიყვარს, კარგი მოსწავლეც და ზარმაციც , შეუძლებელია, ბავშვს წლების განმავლობაში ასწავლიდე და არ გიყვარდეს, ეს ჩემთვის  წარმოუდგენელია, რომელიმესთან რომ ხმას ავუწევ, რაც მართლა იშვიათად ხდება, მერე ამას ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ. მე მგონი, ჩემ შემთხვევაში პირიქითაა J მალევე ხვდებიან, რომ ზედმეტად ლოიალური ვარ,  ვერ ვიმეტებ მათ მშობლებთან სასაყვედუროდ, ან ცუდი ნიშნებისთვის. მერწმუნეთ, ბავშვს ვერაფერს გამოაპარებ .

რა მიგაჩნიათ ადამიანის ყველაზე უარყოფით თვისებად?

მლიქვნელობა, არაგულწრფელობა.

ყველაზე დადებითად?

ერთგულება, სიყვარულის და პატიების უნარის ქონა

ჩვენ, ყველანი ველოდებით თქვენი უმცროსი ქალიშვილის-ლილეს ხალისიან აქტივობებს ფეისბუქში, მარიამიც ასეთივე ხალიასიანია??? რა პროფესიის გინდათ გამოვიდეს თქვენი შვილი (ები)?

ხო J ლილეკო ზრუნავს ჩემი მეგობრების და კოლეგების კარგ განწყობაზე, გულებს ითვლის, უხარია J მარიამიც ძალიან მხიარული და ენერგიულია. უფლის წყალობით, კარგი ადამიანები გაიზრდებიან, მინდა, ისეთები გაიზარდონ, რომ მარტო მე კი არა, ყველას უყვარდეს. მე ვგიჟდები ჩემი თანამშრომლების და მეგობრების შვილებზე, ყველანი ერთმანეთზე უკეთესები არიან, იმედი მაქვს, კარგი ადამიანები გაიზრდებიან ჩემი პატარებიც, რაც შეეხება მათ პროფესიას, ჯერ მაგაზე არ მიფიქრია, ვნახოთ, რითი დაინტერესდებიან ,

და ბოლოს, რას უსურვებდით მომავალ თაობას?

ყველას ვუსურვებ ბედნიერ, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას, და,  რა თქმა უნდა, ყველა კარგი სურვილის და ჩანაფიქრის ასრულებას, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ.

Array ( )

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *