მაკო დევიძე – შტრიხები პორტრეტისათვის
ბავშვობიდან გინდოდათ მასწავლებლობა?
სხვათა შორის კი, რვეულში მქონდა პატარა „ვითომ ჟურნალი“, სადაც აღვრიცხავდი და ნიშნებს ვუწერდი ბავშვებს J
სკოლაში რომელი საგანი გიყვარდათ ყველაზე მეტად (იმის გარდა, რომელსაც ასწავლით)
ბიოლოგიის გარდა, გამორჩეულად მიყვარდა და მიყვარს დღემდე ქართული ლიტერატურა და ისტორია.
მასწავლებელი რომ არ ყოფილიყავით, რას ფიქრობთ, ვინ იქნებოდით?
ბიბლიოთეკარი, ან წიგნების გამყიდველი J
შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რომელ ეპოქაში იმოგზაურებდით? რატომ?
რენესანსის პერიოდში, რადგანაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამორჩეული და საინტერესო ხანაა.
გაქვთ გამორჩეული მხატვრული ნაწარმოები? კინოფილმი?
ყველაზე რთული შეკითხვაა ჩემთვის, არჩევა მიჭირს, თუმცა, მაინც დოსტოევსკის „ იდიოტი“, ონორე დე ბალზაკის „ მამა გორიო“, ლევ ტოლსტოის „ ომი და მშვიდობა“, ჰარპერ ლის „ ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა მრავალი . კინოფილმს რაც შეეხება, გამოვარჩევდი მილოშ ფორმანის „ ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.
გიყვართ მოგზაურობა?, რატომ? ( ექსტრემია, დასვენებაა, ახალ ადგილებს ეცნობი)
დიახ, ძალიან. მოგზაურობის დროს ადამიანი ვითარდება, ეცნობა სხვა ქვეყნის კულტურას.
გიფიქრიათ, რომ ამა თუ იმ სახელმძღვანელოს სხვაგვარად დაწერდით?
მე-6 კლასის სახელმძღვანელოში შევიტანდი ცვლილებებს.
თქვენი აზრით, მარტო ნიჭი, ან მარტო შრომა საკმარისია წარმატების მისაღწევად?
ვფიქრობ, ნიჭთან ერთად, აუცილებელია დიდი ძალისხმევა და შრომაც, თუმცა, ზოგჯერ ყველაფერი იღბალზე და გამართლებაზეცაა დამოკიდებული.
თქვენ არაფორმალურ განათლებას დიდ ყურადღებას აქცევთ, თქვენ მიერ დაარსებული ბიოკლუბი ამის ნათელი დასტურია, იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებიც აღმოაჩინეთ, როგორ მოახერხეთ, რას აპირებთ სამომავლოდ?
ბიოკლუბი დაარსდა ონლაინ სწავლების პერიოდში. რეგულაციით შეზღუდული იყო გაკვეთილების ხანგრძლივობა და დროის უკმარისობის გრძნობა მქონდა ხოლმე, ვფიქრობდი, რომ ბოლომდე ვერ ვამბობდი სათქმელს, მინდოდა ბავშვებთან დამატებითი კომუნიკაციის საშუალება მქონოდა და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომელმაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაამართლა. სამომავლოდ, ისევ ვაპირებთ შეხვედრების აქტიურად გაგრძელებას და არა მხოლოდ ონლაინ ფორმატში.
თუ უწყენინებია მოსწავლეს ისე, რომ სახლში გაგყოლიათ წყენა?
არ ყოფილა ასეთი შემთხვევა.
ბუნებრივია, ყველა მოსწავლის მიმართ, შინაგანად ვერ გექნებათ ერთნაირი დამოკიდებულება. როგორ ახერხებთ „გააკონტროლოთ“ ეს „შეგრძნება“ ?
ეს პედაგოგის ერთ-ერთი უმთავრესი უნარია. ვცდილობ, ბავშვებში მხოლოდ დადებითი დავინახო.
რა მიგაჩნიათ ადამიანის ყველაზე უარყოფით თვისებად?
საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. რადგანაც, ცარიელი, ფშუტე თავთავი თავს ყოველთვის მაღლა წევს, სავსე პირიქით, მუდამ თავდახრილია.
ყველაზე დადებითად?
სიყვარულის უნარი.
რას ვერ აპატიებდით ადამიანს?
ტყუილს.
და ბოლოს, რას უსურვებდით მომავალ თაობას?
საფუძვლიან განათლებას, შრომისმოყვარეობას და იმის დაფასებას, რაც აქვთ.