599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

ორდუ

2015 წლის 02-06 დეკემბერს სკოლა „გორდას“ დირექტორი, სასწავლო დარგის მენეჯერი, ინგლისური ენისა და ხელოვნების სტუდიის მასწავლებლები) და მოსწავლეები(21 მოსწავლე)თურქული მხარის ოფიციალური მიწვევით ხუთდღიანი გაცვლითი სასწავლო პროგრამით ბათუმთან დაძმობილებული ქალაქი ორდუს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლას მეორედ სტუმრობდნენ, ვიზიტის მიზანს სკოლებს შორის მეგობრული თანამშრომლობის გაგრძელება, მოწინავე პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და მოსწავლეთა რეგულარული გაცვლითი პროექტების ხელშეწყობა წარმოადგენდა, რომელიც სამომავლოდ, ორ მეზობელ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში წარიმართება და ხელს შეუწყობს ქართველი და თურქი ახალგაზრდებისკულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებისგაღრმავებას, საკუთარი ქვეყნების ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას.
პროექტს კოორდინირებას ქალაქ ორდუს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ბ-ნი Ayça Uzun-ი უწევდა.
ორდუს პანსიონის ტიპის საზოგადოებრივ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა გადაჭიმულია 20 ჰა მიწის ფართობზე ქალაქგარეთ, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს შავი ზღვის სანაპირო. უზარმაზარი სასკოლო კომპლექსი მოიცავს, როგორც ძირითად სასწავლო კორპუსს(VIII-XII კლასელთათვის), ასევე გოგონებისა და ვაჟების კამპუსებს, სპორტულ კომპლექსს, მარტივი ტიპის ღია სპორტულ მოედნებს, სასადილოსა და დასასვენებელ შენობა-ნაგებობებს, სასწავლო კორპუსი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიებით, სპორტულიდა მუსიკალური ინვენტარით, მდიდარი ბიბლიოთეკით, სხვა აუცილებელი ტექნიკითა და კომპიუტერებით, ყველა საკლასო ოთახში დამონტაჟებულია ულტრათანამედროვე „ჭკვიანი დაფა“.სკოლაში სულ 600 მოსწავლე სწავლობს, სკოლა ფინანსდება ცენტრალიზებულად, მოსწავლეთა ნაწილი იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, მათთვის უნიფორმასა და სახელმძღვანელოებს ასევე სახელმწიფო ყიდულობს.
სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა და მასწავლებელთა დასაქმება ხორციელდება ტესტირების საფუძველზე, საერთაშორისო სტატუსი სკოლას საშუალებას აძლევს განახორციელოს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები. დღეისათვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს საქართველოსთან(სკოლა „გორდა“)შვედეთთან, ირლანდიასთან, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან. ჩვენი სკოლის სტუმრობის შემდეგ სკოლა გასვლითი ტურნესთვის ემზადებოდა.
თურქული მხარის მიერ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით,ხუთი სამუშაო დღის მანძილზეგათვალისწინებული იყო შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგიურ და მოსწავლეთა კოლექტივებთან, ქალაქი მერთან, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან, კერძო კოლეჯების დირექტორებთან, მოსწავლეთა განაწილება თურქი თანატოლების ოჯახებში, ქართველი პედაგოგების მასტერკლასები, ქართული კულტურის პერფორმანსი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
ჩვენი, ქართული მხარისთვის დაუვიწყარი იქნება ორდუში გატარებული 5 საოცარი დღე. დახვედრით დაწყებული და გამოცილების ცერემონიალით დამთავრებული. თურქული დროით, დილის 5 საათზე დელეგაციას ქ-ნი აიჩა დაგვხვდა, რომელმაც პედაგოგები 4 ვარსკვლავიან სასტუმროში განგვათავსა, მოსწავლეები კი სკოლის კამპუსებში გადაიყვანა.
სკოლის დირექტორთან, ბატონ ნური ბახტიართან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, დელეგაციამ სკოლის სამასწავლებლოში გადაინაცვლა, სადაც, დიდ მონიტორიან ეკრანზე ამაყად ფრიალებდა საქართველოს დროშა და ჟღერდა ქართული მელოდიები, ფესვებით გურჯი მუსიკის მასწავლებელი დიდი სიყვარულით გვესაუბრებოდა ჰამლეტ გონაშვილის ფენომენსა და „ცისფერ ტრიო“-ზე, თუმცა არც ქართული ფოლკლორი იყო მათთვის უცნობი.
ლანჩის შემდეგ ქართული კულტურის პერფორმანსი იყო გათვალისწინებული…ჩვენმა გოგო-ბიჭებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს თურქულ მიწაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდა ცეკვა, სიმღერა, ლექსი…თურქული მხარისთვის მოულოდნელი და სასიამოვნოდ საკვირველი აღმოჩნდა ქართულ ჩოხაში გამოწყობილი სკოლის დირექტორის(ნინო მურვანიძე) და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ექს თავმჯდომარის-გიორგი ირემაძის „განდაგანა“, სკოლის დირექტორის მისალმება თურქულ ენაზე და თემატურად შერჩეული საჩუქრები…ყველასათვის მოულოდნელად, ქ-ნმა ნინომ ბატონი ნური საცეკვაოდ გამოიწვია,რასაც შემდეგ ბატონ ნურისთან ერთად შესრულებული „ჯინველო“ მოყვა.
მალე ქართველი თანატოლები სცენაზე თურქმა მოსწავლეებმა და კოლეგებმა შეცვალეს, კულტურული პროგრამის დასასრულს ქართველი და თურქი მოსწავლეები ერთად ასრულებდნენ ორივე ქვეყნის ხალხთა ცეკვებს.
ვიზიტის მეორე დღიდან დაიწყო დატვირთული სამუშაო კვირა: მოსწავლეთა განაწილება კლასებში მეცადინეობებზე დასასწრებად, ქართველი და თურქი მოსწავლეების პრეზენტაციები, ქართველი კოლეგების-ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლების-თინიკო ფირცხალაიშვილისა და სვეტა დალოგლანიანის განუმეორებელი მასტერკლასები; ბიოლოგიის მასწავლებლის ბატონი Hüseyinçelik-
ის ახსნილი გაკვეთილი; ინგლისური ენის მასწავლებლის- ქალბატონი AyçaUzun-ის შესანიშნავი გიდობა სკოლის შენობაში, სასწავლო პროცესისა და შუალედური გამოცდების მონიტორგი „გორდა“-ს დირექტორისა და თურქული სკოლის დირექტორატის მიერ, სკოლის ხელმძღვანელებს შორის გამოცდილების გაზიარება, სპორტული შეჯიბრებები; ექსკურსია ქალაქში, გასეირნება საბაგირო გზით-ორდუს გამორჩეული ხელწერის-ბოზტეპეს დასათვალიერებლად, საბაგირო გზის ვაგონი “ბათუმი“-დან დანახული-ზღვაში არწივის ფორმით შეჭრილი ღამის ორდუ.(საბაგირო გზის ერთ-ერთ ვაგონს „ბათუმი“ ჰქვია).
შეუძლებელია დაგვავიწყდეს შეხვედრა ორდუს მერიაში ქალაქის მერთან. ქართული ტრადიციული სუვენირებით დასაჩუქრებას ქართული დელეგაციის თითოეული წევრის დაჯილდოება მოყვა, გამომშვიდობებისას ქალაქის მერმა კიბეებზე ჩამოგვაცილა და ჩვენთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა და მოუცლელობისა, ჩვენი დელეგაცია წუთითაც არ მიუტოვებია სკოლის დირექტორს, ბატონ Nuri Bahtiyar-ს, რომელიც პროგრამის კოორდინატორთან ერთად, ბოლომდე ჩვენი თანმხლები პირი იყო.
აღფრთოვანებულები დავრჩით თურქი მოსწავლეთა მშობლების ჩვენი მოსწავლეებისადმი გამოხატული სითბოთი და მყუდრო ოჯახური გარემოს შექმნით, მოვიხიბლეთ სკოლის მასწავლებლების- Ayça Uzun-ისა და Filiz Beyaz-ის ოჯახებში სტუმრობითა და სტუმართმოყვარეობით, მეუღლეებს შორის დამოკიდებულებით, მშობლის მოვალეობის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, სიახლეების ძიების სურვილითა და პროგრამის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი მამაკაცების ჯენლტმენობით,
არასდროს დაგვავიწყდება სახელმწიფოს შესაშური დამოკიდებულება მასწავლებლის ინსტიტუტისადმი, რიდი და პატივისცემა ოჯახებსა და მოსწავლეებს შორის პედაგოგის პერსონისადმი, სიყვარული და მოწიწება თურქული ტრადიციებისადმი. სტუმრის პატივისცემის არცერთ ჩარჩოში არ ჯდება სტამბულიდან სპეციალურად ჩვენთვის ჩამოტანილი ხელსაწყო- „ებრუ“-ს ხელოვნებისადა ჩვენთვის მასტერკლასის საჩვენებლად(წამოსვლის დღეს სკოლისათვის საჩუქრად არტ-ხელოვნების მასწავლებლის, ბატონი Muharrem Kara-ს მიერ არნახული ოსტატობით შესრულებული ნახატებიც გამოგვატანეს).
ყველაზე ამაღელვებელი მაინც ვიზიტის ბოლო დღე იყო: ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ინგლისურენოვანი სპექტაკლი არგონავტებზე; ერთობლივი პრესკონფერენცია სააქტო დარბაზში, თურქული მხარის მიერ შესრულებული ლაზური „დიდოუ ნანა“ , თურქული და ქართული მხარეების მიერ სერტიფიკატების გადაცემისა და გამოცილების ცერემონიალი იყო.
ერთ მწკრივად მოწყობილი სკოლა, გულწრფელი ცრემლი, ავტობუსს გამოყოლებული ცრემლიანი თვალები, სარფამდე სატელეფონო ზარები და დღემდე ყოველდღიური მონატრებული პრივატული საუბრები.
გამოვემგზავრეთ ორდუდან და ასე გვგონია, თითქოს მშობლიური სახლიდან ისევ მშობლიურ სახლში დავბრუნდით.
მალე გაზაფხული მოვა, თქვენ ჩვენთან ჩამობრძანდებით, როგორც საკუთარ ოჯახში და ეს ხუთი დღე იქნება მომავალი ურთიერთთანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი.
დიდი მადლობა ბატონ ნური ბახტიარს და მის შესანიშნავ გუნდს, მოადგილეებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ჩვენი მოსწავლეების მასპინძლობისთვის, თითოეულ პედაგოგს და გამორჩეულად ქალბატონ აიჩა უზუნს, მეგობრობის ხიდის მშენებლობისთვის.
მე ქალბატონი აიჩას სახით უმცროსი და შევიძინე, მჯერა, მე და ქალბატონი აიჩა ყველაფერს გავაკეთებთ ორი მეზობელი ქვეყნის სკოლებს შორის მეგობრობის გაღრმავებისთვის და ამ შესანიშნავი მისიის განხორციელებაში ბატონ ნური ბახტიართან ერთად მშვიდობისა და მეგობრობის ელჩის ფუნქციას სიამოვნებით შეასრულებს ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი და საზღვარგარეთთან მუშაობის კოორდინატორი- ქალბატონი სვეტლანა დალოგლანიანი.

გორდა